სმარტ სასწორის მაჩვენებლები ქართულად: Body Fat, BMI, BMR

სმარტ სასწორი წონის გარდა სხვა უამრავ მონაცემს ითვლის: ცხიმის პროცენტულ მაჩვენებელს, კუნთის მასას, წყლის შემცველობას, ძვლის მასას, BMI-სა და მეტაბოლიზმის სიჩქარეს. Feelfit აპლიკაცია, რომელიც სმარტორის სმარტ სასწორს უკავშირდება, ინგლისურ ენაზეა და ქართული ვერსია ამ ეტაპზე არ აქვს. ამ სტატიაში ყველა ტერმინს ქართულად განვმარტავთ: რას გაჩვენებთ თითოეული მონაცემი და როგორ აიწონოთ, რომ შედეგები ერთმანეთს შეადაროთ.
მთავარი: ყველა ეს რიცხვი მიახლოებითია. ისინი ცვლილებებზე თვალის სადევნებლად გამოგადგებათ და არ წარმოადგენს სამედიცინო დიაგნოზს.
როგორ ზომავს სმარტ სასწორი
სმარტ სასწორი ბიოელექტრულ ანალიზს (BIA) იყენებს. როცა სასწორზე დგებით და ხელში სენსორებიან სახელურს იჭერთ, სხეულში ძალიან მცირე ელექტრული იმპულსები გადის, სასწორი კი ზომავს, რამდენ წინაღობას აწყდება ის. იმპულსებს სხეულში არსებული წყალი ატარებს, რომელიც ელექტროლიტებს შეიცავს. ამ წინაღობიდან, ასევე წონიდან, სიმაღლიდან, ასაკიდან და სქესიდან გამომდინარე ფორმულა ცხიმისგან თავისუფალ მასასა და ცხიმს ითვლის (Kyle et al., 2004, I ნაწილი). სიმაღლე, ასაკი და სქესი აპლიკაციის პროფილში თქვენ თვითონვე შეგყავთ, ამიტომ ეს მონაცემები სწორად უნდა მიუთითოთ.
ჩვენს ვებ-გვერდზე ეს ტექნოლოგია ასეა აღწერილი: სასწორი იყენებს „იმავე ტექნოლოგიას, რასაც სამედიცინო დაწესებულებები”. ეს არ ნიშნავს, რომ სახლის სასწორი სამედიცინო კვლევებს ჩაანაცვლებს.
ჩვენს სასწორს 8 სენსორი და სახელური აქვს: ელექტროდები ფეხების ქვეშაც არის და სახელურზეც. ასე რომ, გაზომვაში ხელებიც მონაწილეობენ.
წონა და BMI

Weight სრული წონაა, კილოგრამებში. BMI (სხეულის მასის ინდექსი) წონიდან და პროფილში მითითებული სიმაღლიდან ითვლება: წონა (კგ) ÷ სიმაღლე² (მ²). მაგალითად, 70 კგ და 1,75 მ: 70 ÷ 3,06 ≈ 22,9.
ჯანმო-ს (WHO) თქმით, BMI ცხიმის ირიბი მაჩვენებელია: ის ცხიმს პირდაპირ არ ზომავს. ჯანმო ასევე აღნიშნავს, რომ დამატებითი გაზომვები, მაგალითად წელის გარშემოწერილობა, შეიძლება გამოადგეს (ჯანმო). წელის გარშემოწერილობას მარტივად გაზომავთ სმარტ საზომი ლენტით. რითი განსხვავდება სმარტ სასწორი ჩვეულებრივისგან, ამ სტატიაში გვაქვს აღწერილი.
ცხიმის შემცველობა (Body Fat %)
Body Fat (%) აჩვენებს, წონის რამდენი პროცენტი მოდის ცხიმზე. Fat Mass ან Body Fat Mass იგივე მაჩვენებელია, ოღონდ კილოგრამებში. Subcutaneous Fat კანქვეშა ცხიმის რაოდენობაა.
ერთ აწონვას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ეს შეფასებაა და დღის განმავლობაშიც კი შეიძლება შეიცვალოს, რადგან სხეულში წყლის რაოდენობა იცვლება. თვალი ადევნეთ ტენდენციას: როგორ იცვლება მაჩვენებელი კვირეებისა და თვეების განმავლობაში. რატომ ადევნებენ ადამიანები თვალს ცხიმს, კუნთსა და ძვლის მასას, ამ სტატიაში ნახავთ.
კუნთის მასა (Muscle Mass / Skeletal Muscle)
Feelfit-ში კუნთთან დაკავშირებული ორი მაჩვენებელი შეიძლება ნახოთ:
- Skeletal Muscle (%): ჩონჩხის კუნთები, რომლებიც ძვლებზეა მიმაგრებული და სხეულს ამოძრავებენ.
- Muscle (%): კუნთის მასის ფართო შეფასება.
ეს ორი რიცხვი შეიძლება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდეს, რადგან აპლიკაცია მათ სხვადასხვანაირად ითვლის. ცვლილებას ერთი და იმავე მაჩვენებლის ფარგლებში ადევნეთ თვალს.
ზოგადი კონტექსტისთვის: ჯანმო 18–64 წლის ზრდასრულებს ურჩევს, კვირაში ორ დღეს მაინც გააკეთონ კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიში, ზომიერი ან მაღალი ინტენსივობით და კუნთების ყველა დიდ ჯგუფზე (ჯანმო-ს ფიზიკური აქტივობის რეკომენდაციები).
წყლის შემცველობა (Body Water)
Body Water (%) აჩვენებს, წონის რამდენი პროცენტია წყალი. ეს მაჩვენებელი დღის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს: სითხის მიღება, ჭამა, ოფლიანობა და ვარჯიში მასზე გავლენას ახდენს.
ეს მნიშვნელოვანია დანარჩენი მაჩვენებლებისთვისაც. BIA კარგად მუშაობს, როცა სხეულში წყლისა და ელექტროლიტების ბალანსი სტაბილურია (Kyle et al., 2004, II ნაწილი). ასე რომ, თუ წყლის ბალანსი შეიცვალა, შეიძლება ცხიმისა და კუნთის შემცველობებიც შეიცვალოს.
ძვლის მასა (Bone Mass)
Bone (%) ან Bone Mass ძვლის მასის მიახლოებითი შეფასებაა, რომელიც აპლიკაცია თავისი ალგორითმით ითვლის. ის ძვლის ჯანმრთელობას არ აფასებს და ძვლის სიმჭიდროვის სამედიცინო გაზომვას ვერ ჩაანაცვლებს.
ვისცერალური ცხიმი (Visceral Fat)
ვისცერალური ცხიმი მუცლის ღრუში, შინაგანი ორგანოების გარშემო მდებარე ცხიმია, კანქვეშა ცხიმისგან განსხვავებით. Feelfit-ში ის Visceral Fat Index-ის სახით ჩანს: ეს ინდექსია, კილოგრამი ან პროცენტი არ არის. ინდექსი აპლიკაციის შეფასებაა. თვალი ადევნეთ, როგორ იცვლება ის დროთა განმავლობაში.
ძირითადი მეტაბოლიზმის სიჩქარე (BMR)
FAO/WHO/UNU-ს განმარტებით, ძირითადი მეტაბოლიზმის სიჩქარე სიცოცხლისთვის აუცილებელი ენერგიის მინიმალური ხარჯია. მას სტანდარტულ პირობებში ზომავენ: ადამიანი წევს, არ მოძრაობს, უზმოზეა, თბილ ოთახშია და მშვიდადაა (FAO/WHO/UNU, 2004).
სასწორი BMR-ს პირდაპირ არ ზომავს: აპლიკაცია მას კილოკალორიებში ფორმულით ითვლის. AMR აპლიკაციის შეფასებაა, რომელიც ფიზიკურ აქტივობასაც ითვალისწინებს. თუ კალორიების დათვლა გაინტერესებთ, წაიკითხეთ, როგორ აკონტროლებთ კალორიებს კვების პროდუქტების სმარტ სასწორით.
მეტაბოლური ასაკი (Metabolic Age)
სმარტორის საიტზე ამ მაჩვენებელს მეტაბოლური ასაკი ჰქვია, Feelfit-ში მას Metabolic Age აწერია. მეტაბოლურ ასაკს სტანდარტული მეცნიერული განმარტება არ აქვს: ეს აპლიკაციის საკუთარი მაჩვენებელია. ის ბიოლოგიურ ასაკს არ აჩვენებს. გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი ცვლილებისთვის თვალის სადევნებლად.
ხელების, ფეხებისა და ტორსის ანალიზი

სახელურის წყალობით სასწორი ხელებს, ფეხებსა და ტორსს ცალ-ცალკე აფასებს. Feelfit-ში ეს Segmental fat analysis (ცხიმი) და Segmental muscle analysis (კუნთი) ეკრანებზე ჩანს: მარჯვენა და მარცხენა ხელი, ორივე ფეხი და ტორსი. ეს ფუნქცია სმარტ სასწორის პროდუქტის გვერდზეც წერია. ასე ხედავთ, როგორ იცვლება თითოეული ნაწილი დროთა განმავლობაში.
როგორ აიწონოთ, რომ შედეგები ერთმანეთს შეადაროთ
რადგან BIA-ზე წყლის ბალანსი გავლენას ახდენს, შედეგებს უკეთ შეადარებთ, თუ ყოველთვის მსგავს პირობებში აიწონებით:
- აიწონეთ ერთსა და იმავე დროს, მაგალითად დილით, ჭამამდე და ვარჯიშამდე.
- ელექტროდებზე შიშველი ფეხებით დადექით, სახელური ორივე ხელით დაიჭირეთ.
- სასწორი მაგარ, სწორ ზედაპირზე დადგით, ხალიჩაზე არა.
- ყოველთვის საკუთარი პროფილით აიწონეთ.
- შეადარეთ კვირის ან თვის ტენდენციები, არა ორი ცალკე დღე.
თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვა გაქვთ ან სამედიცინო იმპლანტი გიდგათ, სასწორის გამოყენებამდე წაიკითხეთ მწარმოებლის ინსტრუქცია და ექიმს მიმართეთ. ნებისმიერი მაჩვენებლის ასახსნელად ექიმი ან დიეტოლოგი საუკეთესო წყაროა.
აპლიკაციის ტერმინები ქართულად

Feelfit შედეგებს Low, Sufficient ან High წარწერებით აღნიშნავს. ეს წარწერები აპლიკაციის საკუთარ ალგორითმს ეყრდნობა და დიაგნოზი არ არის.
| Feelfit-ში | ქართულად | რას აჩვენებს |
|---|---|---|
| Weight | წონა | სრული წონა, კგ |
| BMI | სხეულის მასის ინდექსი | წონა (კგ) ÷ სიმაღლე² (მ²) |
| Body Fat (%) | ცხიმის შემცველობა | წონის რამდენი %-ია ცხიმი |
| Subcutaneous Fat (%) | კანქვეშა ცხიმი | კანის ქვეშ ცხიმის რაოდნეობის პროცენტული მაჩვენებელი |
| Visceral Fat | ვისცერალური ცხიმის ინდექსი | ორგანოების გარშემო არსებული ცხიმის ინდექსი |
| Body Water (%) | წყლის შემცველობა | წონის რამდენი %-ია წყალი |
| Skeletal Muscle | სკელეტური კუნთის მასა | სკელეტური კუნთების მასა კგ-ში |
| Muscle Mass | კუნთის მასა | კუნთის მასა კგ-ში |
| Protein | ცილა | ცილის რაოდენობა კგ-ში |
| Bone Mass | ძვლის მასა | ძვლის მასა კგ-ში |
| Fat-free Body Weight | ცხიმისგან თავისუფალი მასა | წონა ცხიმის გარეშე კგ-ში |
| BMR | ძირითადი მეტაბოლიზმი სიჩქარე | ენერგიის ხარჯი დასვენებულ მდგომარეობაში, კკალ |
| Metabolic Age | მეტაბოლური ასაკი | აპლიკაციის შეფასება |
სმარტ სასწორი სმარტორში
სმარტორის სმარტ სასწორს 8 სენსორი და სახელური აქვს, ასე რომ, ხელების, ფეხებისა და ტორსის ანალიზს ცალ-ცალკე გიჩვენებთ. ერთ სასწორს მთელი ოჯახი იყენებს, თითოეული – საკუთარი პროფილით, სასწორი კი თავად ხვდება, ვინ იწონება. Feelfit აპლიკაცია iPhone-სა და Android-ზე მუშაობს. ის ინგლისურ ენაზეა, ეს სტატია კი მისი ქართული გზამკვლევია. ყველა პროდუქტს 1-წლიანი გარანტია აქვს, მიწოდება მთელ საქართველოში უფასოა, შეკვეთიდან 1–2 სამუშაო დღეში.
დეტალები და შეკვეთა: სმარტ სასწორი. კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ Messenger-ში ან Instagram-ზე.
ხშირად დასმული კითხვები
Feelfit აპლიკაცია ქართულ ენაზეა?
არა. Feelfit ინგლისურ ენაზეა, ქართული ვერსია ამ ეტაპზე არ აქვს. ამ სტატიის ცხრილში აპლიკაციის ყველა მთავარი ტერმინი ქართულადაა განმარტებული.
რამდენად ზუსტია სმარტ სასწორის მაჩვენებლები?
ეს მიახლოებითი შეფასებებია, რომლებიც ცვლილებებზე თვალის სადევნებლად გამოგადგებათ. BIA უკეთ მუშაობს მაშინ, როცა წყლის ბალანსი სტაბილურია, ამიტომ აიწონეთ ერთსა და იმავე დროს, მსგავს პირობებში.
რატომ იცვლება ცხიმის შემცველობა ერთ დღეში?
ყველაზე ხშირად, სხეულში წყლის რაოდენობის გამო: სითხის მიღება, ჭამა, ოფლიანობა და ვარჯიში BIA-ს შეფასებაზე გავლენას ახდენს. ცალკეული დღეების ნაცვლად, კვირის ტენდენციას ადევნეთ თვალს.
შეუძლია ოჯახის რამდენიმე წევრს ერთი სასწორი გამოიყენოს?
კი. Feelfit-ში ოჯახის ყველა წევრს შეუძლია საკუთარი პროფილი შექმნას, სასწორი კი თავად ხვდება, ვინ იწონება. შედეგებს აპლიკაცია თითოეულ პროფილში ცალკე ინახავს.
სმარტ სასწორი კლინიკის კვლევებს ჩაანაცვლებს?
არა. სმარტ სასწორი დიაგნოზს არ ადგენს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მიმართეთ ექიმს.
წყაროები
- Kyle UG, Bosaeus I, De Lorenzo AD, et al. Bioelectrical impedance analysis—part I: review of principles and methods. Clinical Nutrition. 2004;23(5):1226–1243. doi:10.1016/j.clnu.2004.06.004. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/15380917/
- Kyle UG, Bosaeus I, De Lorenzo AD, et al. Bioelectrical impedance analysis—part II: utilization in clinical practice. Clinical Nutrition. 2004;23(6):1430–1453. doi:10.1016/j.clnu.2004.09.012. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/15556267/
- ჯანმო (WHO). Obesity and overweight, fact sheet, 8 Dec 2025. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/obesity-and-overweight
- ჯანმო (WHO). Guidelines on physical activity and sedentary behaviour, 2020: Recommendations. https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK566046/
- FAO/WHO/UNU. Human energy requirements. Food and Nutrition Technical Report Series 1, 2004. Glossary. https://www.fao.org/4/y5686e/y5686e04.htm
- სმარტორი. სმარტ სასწორი, პროდუქტის გვერდი. https://smartory.ge/product/სმარტ-სასწორი/
